"დაიკეტოს საზღვარი რუსეთთან" - კვირას, 20:00 საათზე აქცია გაიმართება

"დაიკეტოს საზღვარი რუსეთთან" - კვირას, 20:00 საათზე აქცია გაიმართება

რუსეთში მიმდინარე მოვლენებისა და ევგენი პრიგოჟინის აჯანყების პარალელურად, თბილისში აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები კვირას, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და რუსეთთან საზღვრის დაკეტვას მოითხოვენ.

"კვირას, 25 ივნისს, 20:00 გელოდებით ყველას, ვინც თვლით, რომ რუსეთთან მკაცრი სავიზო რეჟიმი სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს, თავისუფლების მოედანზე, წრეზე. თქვენი მოთხოვნა ამ თემაზე დაწერეთ თქვენს ბანერზე, რომ ყველამ შეძლოს წაკითხვა. დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი რუსეთთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდა. გახარიას თქმით, საფრთხე რეალურია და მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო.

ამას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ინიციატივას "სისულელე" უწოდა. ამასთან, კობახიძე არ თქვა, აპირებს თუ არა მთავრობა რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებს "უნდა დააკვირდნენ".

მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი სწრაფად და უპირობოდ ჩაკეტონ.

***

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია".

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

პრიგოჟინის სიტყვების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს. უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული აჯანყების მოწოდებაზე გამოძიება დაიწყო.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.