უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება გუანჯოუში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის შეხვდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კულებამ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
"უკრაინული მხარე მზად არის რუსულ მხარესთან დიალოგისა და მოლაპარაკებისთვის. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები უნდა იყოს გონივრული და არსებითი, მიმართული სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაზე“, - წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უკრაინას ჯერ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
როგორც ჩინეთის საგარეო უწყება წერს, კულებამ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ "ყურადღებით შეისწავლა" სამშვიდობო გეგმა, რომელიც 2024 წლის მაისში ჩინეთმა და ბრაზილიამ წარადგინეს.
Reuters წერს, რომ კულებასა და ვან ის შორის მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 23 ივლისს ჩავიდა. რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია ჩინეთში.