ჩემი ხმა: საჯარო სექტორში დასაქმებულებს ოჯახის პირად მონაცემებს სთხოვენ - დაიწყოს გამოძიება

ჩემი ხმა: საჯარო სექტორში დასაქმებულებს ოჯახის პირად მონაცემებს სთხოვენ - დაიწყოს გამოძიება

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია - ჩემი ხმა აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია. ამაზე კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა ლონდა თოლორაიამ ისაუბრა.

მან ახსენა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მათი ოჯახის წევრების მონაცემების შეგროვებას სთხოვენ, რათა შემდგომ ეს სიები ქართულ ოცნებას გადაეცეს. ლონდა თოლორაიას თქმით, ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლების ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს.

ის მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ფაქტებზე.

"გასულ კვირას, სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმა გამოეხმაურა ამომრჩეველთათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევის ფაქტებს, კერძოდ, რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ მოხელეებს, ასევე სოციალურად დაუცველ პირებს ართმევენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს მათი ნების საწინააღმდეგოდ.

ასევე, 2024 წლის 12 ოქტომბერს მედიით გაშუქებული ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ახალი ფაქტების შესახებ. როგორც ირკვევა, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ ქართული ოცნების სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას, რათა ეს მონაცემები შემდგომ გადაეცეს მმართველ პარტიას. სპეციალურად საიდუმლო სიაში, რომელიც ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა, შეყვანილები არიან შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საჰაერო ნავიგაციის, აეროპორტის გაერთიანების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები.

გავრცელებული ინფორმაციები აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლების ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს, მაშასადამე, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 164/4-ე, 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

საჯაროდ წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, თუმცა საგამოძიებო უწყებებისგან ჩვენ ამ ეტაპამდე არ მოგვისმენია არავითარი განმარტება ამ ფაქტების შესახებ. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და უმოკლეს ვადებში მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ, ვინაიდან ასეთი ფაქტები არსებით ზიანს აყენებს არა მხოლოდ თითოეულ ამომრჩეველს, არამედ ზოგადად ამომრჩევლის პროცესს", - თქვა ლონდა თოლორაიამ.