
რეჟიმის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან წერილს აგზავნის, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
გუშინ, 17 აპრილს რეჟისორი, დავით დოაიაშვილი, ქართული ოცნების კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხავტრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნეს.
ანდრო ჭიჭინაძე აღნიშნულ ფაქტს წერილით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს
"რა დღეში ჩაგიგდიათ თავი! სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება რამეს ხომ არ გახსენებთ ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება იმიტომ, რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია. ისე, წესით, ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ, გახსენებთ, გელათი გენგრევათ, 5 წელია ვერ გადახურეთ და მარტო თქვენი ბრალია, რაც გელათს ჭირს. სვეტიცხოველში ტაშტების შეყუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. ვისთვის იცლით? უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის!
ამასთან, ანდრო ჭიჭინაძე თავის წერილში, ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის, წინა მთავრობის დროს... ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე, ჰკითხე, მაგ საქციელს რა ჰქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთან იგივეს გამეორებას? არამგონია", - ნათქვამია ანდრო ჭიჭინაძის წერილში.
გუშინ, 17 აპრილს ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ანდრო ჭიჭინაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ "ოჯახიდან აქვს ჩაბეჭდილი თავში, რომ შეიძლება ითამაშო რუსულ ფილმში".
"ერთ-ერთი მსახიობი აღნიშნეთ, დედა, დეიდა, დეიდაშვილი, ეგეთი გარემოცვა რომ გყავს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანაუგრძნო ამ ახალგაზრდას, ოჯახიდან აქვს ჩაბეჭდილი თავში, რომ შეიძლება გუშინ ითამაშო რუსულ ფილმში და ხვალ სხვა გამოაცხადო რუსად. პოლიციელებს ეძახდა რუსებს, რომლებიც 2008 წელს ცხინვალში იბრძოდნენ. თვითონ რუსულ ფილმში მონაწილეობდა და რუსს უწოდებდა პოლიციელებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ 2008 წელს.
როცა ხარ ელენე ხოშტარიას დეიდაშვილი, რომელიც დღემდე ათეულობით ათას დოლარს იღებს რუსეთის ხაზინიდან და ამბობს, რომ ყველაზე დიდი ანტირუსია, რა თქმა უნდა, პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადვილად მოექცევი, როცა დეიდა გყავს ასეთი, დედა და ა.შ. პრობლემაა ეს და ამიტომ უფრო მეტად შეიძლება თანავუგრძნოთ ასეთ ახალგაზრდებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას იმიტომ, რომ რაღაც გავლენის ქვეშ მოექცნენ, მართლა დაიჯერეს", - თქვა კობახიემ.