თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 10 სექტემბრის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.
მერიაში ამბობენ, რომ გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება.
"10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე - ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.
გარდა ამისა, 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
აღნიშნულ საათებში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე, ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით", - წერია მერიის განცხადებაში.
***
17 აგვისტოს, თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა.
ეს არ არის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვანი ფერდიდან ქვათაცვენის პირველი შემთხვევა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ადგილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადეები მოეწყობა.