ბჟანია: ზურაბიშვილს სურს, აფხაზეთის რესპუბლიკაში სიტუაცია გაუარესდეს

ბჟანია: ზურაბიშვილს სურს, აფხაზეთის რესპუბლიკაში სიტუაცია გაუარესდეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას "ეჭვი ეპარება", რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს "აფხაზეთის ხელისუფლებისა ან ოპოზიციის მიმართ სიმპათიები აქვს".

ეს განცხადება მან რუსულ პროპაგანდისტულ და სამთავრობო მედიასაშუალება Ria Novosty-სთან ინტერვიუში გააკეთა.

ასლან ბჟანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში "სიტუაცია გაუარესდეს".

"მე ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს სიმპათიები აფხაზეთის ხელისუფლებისა ან აფხაზეთის ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: "რაც უარესი, მით უკეთესი", ამიტომაც გვილოცავს. ის არ არის დაინტერესებული აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობით. ეს ცალსახა და გასაგებია. მე მის მილოცავს სწორედ ამ სახით ვიგებ", - თქვა ასლან ბჟანიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ "რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით".

"მინდა, დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის ვითომდა დათმობებით შეიძლება რომ შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა. შეაცლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო", - თქვა პრეზიდენტმა.

ამ განცხადებით ის ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.