ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გატანის შესახებ დოკუმენტს ამზადებს.
"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის შენობაში შეიჭრნენ - ისინი ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.
დღეს დილიდან სოხუმში დაძაბული ვითარებაა. პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო პარლამენტის წინ ჭიშკარი მანქანის საშუალებით ჩამოიღეს და ტერიტორიაზე შევიდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირება დემონსტრანტებსა და ძალოვან უწყებებს შორის, მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.
მანამდე დე ფაქტო პარლამენტში სესია გაუქმდა, სადაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმება უნდა განეხილათ. პროექტის მოწინააღმდეგეები შენობის გარეთ შეიკრიბნენ და განხილვის გაუქმებას მოითხოვდნენ.
მოგვიანებით, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ განაცხადა, რომ "რამდენიმე დეპუტატმა ასეთ პირობებში მუშაობაზე უარი თქვა".
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სადავო ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად მიიჩნევს, ხოლო ოპონენტებისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია.
ამ ხელშეკრულებით რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.