ბუნდესტაგის წევრი ნილს შმიდის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად 9-პუნქტია გეგმას მე-10 ე.წ. რუსული კანონის გაწვევა უნდა დაემატოს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციამ გამართა.
შმიდის თქმით, მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
"ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა გავაჟღეროთ ორი ძალიან მკაფიო გზავნილი. პირველია ის, რომ ჩვენ ველით, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები დემოკრატიისა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია რა გზით წავიდეს და ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ ამ არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა აფასებს და უფრთხილდება დემოკრატიას და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. მომზადების პროცესში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები.
მეორე გზავნილი შემდეგია, მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამის შესახებ ნათლად განაცხადა ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით. ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი პროცესის გადაწყვეტისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა, ჩვენი პარტიები წარმოადგენს გერმანიის ბუნდესტაგის უდიდეს უმრავლესობას. ახლანდელი პოლიტიკის ფონზე საქართველო ვერ მიიღებს გერმანიის პარლამენტის თანხმობას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე. ყველამ იცის ის 9 ნაბიჯი რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა დავამატოთ მეათე ნაბიჯი და ეს უნდა იყოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაწვევა, რომელიც აშკარად წინააღმდეგობაშია ევროპულ სტანდარტებთან", - განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა.