ბუაძე: ითქვა, ორაზროვნებას ტოვებსო, მათ გასაგონად - ლელოში პოლიტიკური საქმიანობა დავასრულე

ბუაძე: ითქვა, ორაზროვნებას ტოვებსო, მათ გასაგონად - ლელოში პოლიტიკური საქმიანობა დავასრულე

საბა ბუაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება პარტია ლელო - ძლიერი საქართველოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციის და პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, ფაქტობრივად, პარტიის დატოვებას ნიშნავს.

ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა პოლიტ-ქალაქში განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ გასაგონად, ვინც თქვა, რომ მისი განცხადება ორაზროვნებას ტოვებდა - “ლელოში თავისი პოლიტიკური საქმიანობა დაასრულა”.

"ჩემთვის ნამდვილად მძიმე გადაწყვეტილება იყო იმდენად, რამდენადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ლელოში დაიწყო იქამდე, სანამ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის სახელს მოვიფიქრებდით. პირველივე დღეებიდან ვიყავი ლელოს შექმნის პროცესში ჩართული და ჩემი პოლიტიკური ოჯახი იყო.ჩემი მეგობრები დღესაც არიან იქ.

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია პარტიის დატოვება, მაგრამ არსებობს პრინციპები, რასაც უნდა მიჰყვე, როცა რაღაც გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგები. მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლებას ხელს შეუწყობს ვითარების ნორმალიზებისკენ წაყვანის მიმართულებით და ამ მთავარ არგუმენტზე დაფუძნებით, ვეწინააღმდეგებოდი და ვეწინააღმდეგები ამ ფორმით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო, რომ ოპოზიცია გაიყო. ერთიანი ბრძოლაც კი არ გამოვიდა და ეს ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია.

ჩემი მეგობრებისთვის ნათქვამიც მქონდა - თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მივიღებთ, მე ვერ გავაგრძელებდი ამ გადაწყვეტილებაში თანამონაწილეობას და პარტიის დატოვება მომიწევდა, ეს ასეც მოხდა.მე დავტოვე თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, დავტოვე პოლიტსაბჭო, რაც ფაქტობრივად, პარტიის დატოვებას ნიშნავს. ვიღაცამ თქვა, ორაზროვნებას ტოვებსო, მაგრამ მათ გასაგონად შემიძლია ვთქვა, რომ ლელოში ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავასრულე, თუმცა, ცხადია, პოლიტიკური საქმიანობა არ დამისრულებია”, - თქვა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძემ ლელოს პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიცია ძლიერმა საქართველომ თვითმმართველობის არჩევნწბში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.