ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, ფართო პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს სამხედრო, ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებს. ზომები ევროკავშირთან კოორდინაციით გამოცხადდა და მიზნად ისახავს მოსკოვზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას.

სანქციები 100 ახალ ობიექტს ეხება და უკავშირდება რუსული დრონებით უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებულ ბოლო მასიურ იერიშებს, რაც ლონდონის თქმით, ამ ომის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის იყო.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ვლადიმირ პუტინს „დაუყოვნებლივ, უპირობოდ დაეთანხმოს სრულ ცეცხლის შეწყვეტას“, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესს. მისი თქმით, მშვიდობის გაჭიანურება დასავლეთის მხარდაჭერას მხოლოდ გააძლიერებს.

ახალი სანქციები ზღუდავს რუსული შეიარაღების, მათ შორის "ისკანდერის" რაკეტების, მომარაგების ჯაჭვებს, კრემლის მიერ დაფინანსებულ დეზინფორმაციულ სტრუქტურებს და ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც სანქციების თავიდან აცილებაში რუსეთს ეხმარებიან.

სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის 46 ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. სანქცირებულთა შორის არიან აგრეთვე ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი გემები და მათი მფლობელები, მათ შორის ერთი ბრიტანეთის მოქალაქე და ორი რუსი კაპიტანი.

ბრიტანეთი ასევე მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რუსული ნავთობის მაქსიმალური ფასის — ბარელზე 60 დოლარის — შემცირებაზე, რაც მიზნად ისახავს მოსკოვისთვის შემოსავლის წყაროს შეზღუდვას.