"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"- ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"- ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ

ონკოპაციენტები, რომლებმაც 24-საათიანი აქციები დააანონსეს, ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ.

როგორც ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა გვანცა აფხაძემ თქვა, აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

"ონკოპაციენტები მწერენ, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ვერ მოვდივარო. ნუ გრძნობთ თავს დამნაშავედ. თავი იგრძნოს დამნაშავედ ამან, აქ რომ ზის [პრემიერმინისტრმა], თავი იგრძნოს დამნაშავედ პრეზიდენტმა, რომ ერთი სიტყვა არ თქვა ონკოპაციენტების მხარდასაჭერად, თავი იგრძნოს დამნაშავედ მთავრობამ, რომ ონკოპაციენტებს მხარში არ უდგანან. სირცხვილია, მართლა, მაგრამ ჩვენ მაინც მივაღწევთ ჩვენსას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სანამ არ გავიმარჯვებ, აქ გადმოვცხოვრდები"- თქვა მან Facebook-ის ლაივში.

დღეს 8 აპრილს, ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს და თქვეს, რომ დაიწყებენ უწყვეტ პროტესტს, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

მთავრობის სხდომა დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისე ჩაატარა, რომ ონკოპაციენტები საერთოდ არ უხსენებია.

***

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ.

ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.