ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, რადგან შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, დახმარება შეაჩეროს.
"ჩვენ, ევროპელები მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, სავარაუდოდ, შემცირდება", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა კონგრესის მიერ დამტკიცებული თითქმის მთლიანი თანხა გამოიყენა უკრაინის დასახმარებლად.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.