ბოკუჩავა: ნავალნი პუტინის რეჟიმმა მოკლა, ის უკეთესი რუსეთისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო

ბოკუჩავა: ნავალნი პუტინის რეჟიმმა მოკლა, ის უკეთესი რუსეთისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა მოკლა.

ბოკუჩავას თქმით, ნავალნი უკეთესი და დემოკრატიული რუსეთისთვის ბრძოლის ერთგვარი სიმბოლო იყო. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

"ნავალნი უკეთესი რუსეთისთვის ბრძოლის ერთგვარი სიმბოლო იყო, უფრო დემოკრატიული რუსეთისთვის, პუტინის დამნაშავე, კორუმპირებული რეჟიმის გარეშე. დღეს საქართველოც ასეთივე მმართველობის საფრთხის წინაშე დგას, ივანიშვილის კორუმპირებული რეჟიმის პირობებში, იმ კლანური მმართველობის პირობებში, რომელიც იბრვის ხელისუფლებაში დარჩენისთვის.

ნავალნი პუტინის რეჟიმმა მოკლა. დარწმუნებული ვარ, ისიც [სააკაშვილი] კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ გაიზიაროს არა რუსეთის შავ-ბნელი ბედი, არამედ გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, გახდეს ევროპის ნაწილი და დაადგეს შეუქცევადი კეთილდღეობის მოპოვების გზას", - ამბობს ბოკუჩავა.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.