ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიესალმება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელმაც გუშინდელ სასამართლო სხდომაზე კოალიცია ცვლილებისთვისს წინასაარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანება შესთავაზა.
თინა ბოკუჩავას თქმით, მათი კარი ღიაა პარტია ახალისთვის (ნიკა გვარამია, ნიკა მელია) და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის (ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე).
"ივანიშვილის მცდელობას, ქართველი ხალხი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობის და სიძულვილის მუდმივი პროპაგანდით, ჩვენ ქვეყნის გამთლიანებით და გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ მივესალმები და ვიზიარებ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ მოწოდებას გაერთიანებასთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია ახალისთვის და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის, ჩვენ მზად ვართ სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების - "ძალა ერთობაშია", რომელიც პრეზიდენმა სააკაშვილმა თავისი ხელით დაწერა ეროვნულ გერბზე", - თქვა თინა ბოკუჩავამ.