ბოკუჩავა: ამ პარლამენტს ქართველი ხალხის და მეგობრების ლეგიტიმაცია არ ექნება არასდროს

ამ წუთებში ხდება უპრეცედენტო რამ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. დიახ, თქვენ ბევრი უკანონობა გინახავთ აქ, ძალიან ბევრი უკანონობა, მაგრამ დღეს მაინც უპრეცედენტო სხდომას ატარებს ივანიშვილი, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, როდესაც გახსნის სხდომას არ ესწრება არც ერთი ელჩი, არც პრეზიდენტი, არც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ამ პარლამენტს არ აქვს არც საერთო-სახალხო და არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ვერც ექნება, რადგან მისი ფორმირების მცდელობა ხდება მიტაცებული არჩევნების შედეგად, რომელიც რეალურად იყო რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ მტკიცედ, მხნედ, ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული, ჩვენ არ დავიღალოთ, არ შევეგუოთ, არ შევუქმნათ ილუზია ივანიშვილს, რომ ოდესმე ამ არალეგიტიმურ პარლამენტს ექნება ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, არა, ბატონებო, ამ პარლამენტს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მეგობრების ლეგიტიმაცია არ ექნება არასდროს.

თქვა რუსთაველის გამზირზე ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ. ქართული ოცნების პარლამენტის სხდომა გაიხსნა.