ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას "ტექნიკურ გადაწყვეტილებას" უწოდებს.
"ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში", - ამბობს ის.
ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.
განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.