ბობ ჰამილტონი: რაც ნაკლებ სანდოა საქართველო დასავლეთისთვის, ეს უფრო ხელსაყრელია რუსეთისთვის

ბობ ჰამილტონი: რაც ნაკლებ სანდოა საქართველო დასავლეთისთვის, ეს უფრო ხელსაყრელია რუსეთისთვის

ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკი და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკის ხმას ესაუბრა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტი ხდება ცნობილი იმაზე, რა მოხდა არჩევნებზე და უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

"ჩემი გადმოსახედიდან შეკითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, არათუ გამოიკვეთა, არამედ, უკვე გადაწყვეტილიცაა. უდიდესი რაოდენობის მტკიცებულებები - როგორც არჩევნების მახასიათებლებისა და ტენდენციების სტატისტიკური ანომალიების თაობაზე, ასევე - დოკუმენტირებული მანიპულაციები კენჭისყრის დღეს - იქნება ეს ყუთში ბიულეტენების ჩაყრა, ე.წ. კარუსელი, განმეორებითი ხმის მიცემა, ამომრჩეველთა დაშინება - [ეს ყველაფერი] საკმაოდ ნათელს ხდის, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, ჩვენ, საქართველოს დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ნელ-ნელა ვიწყებთ ამ დასკვნამდე მისვლას", - ამბობს ის.

ბობ ჰამილტონი აღნიშნავს, რომ დასავლეთის რეაქციის გამკაცრებას მტკიცებულებები და სიმამაცე დასჭირდება. მისი აზრით, ამ ეტაპზე ამერიკული მხარისგან ზედმეტი სიფრთხილე და არასაკმარისი სიმკაცრე შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს, საბოლოოდ კი ეჭვები არჩევნების სამართლიანობის შესახებ მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.

"საქართველოში პოლიტიკური კრიზისი რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, რადგან ის აქცევს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსთვის, თუ უფრო ზოგადად - ევროპისთვის, ნაკლებ მიმზიდველ პარტნიორად. და რაც უფრო ნაკლებ მიმზიდველი პარტნიორია საქართველო, მით უფრო მეტად ხელსაყრელია ეს რუსეთისთვის. [...]

რაც უფრო ნაკლებ სანდო და ნაკლებ დემოკრატიულ პარტნიორად აღიქმება საქართველო დასავლეთისთვის, ის მით უფრო დაშორდება იმ ინსტიტუტებს, რომელთა წევრობაც სურს. კრემლისთვის კი ეს მხოლოდ სასიხარულო ამბავი იქნება", - ამბობს ბობ ჰამილტონი.

ბობ ჰამილტონს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზეც ჰკითხეს, კერძოდ, "ჰქონდა თუ არა რუსეთს წინასაარჩევნო კამპანიაში ან არჩევნების დღეს თუ მის შემდგომ რაიმე როლი [არჩევნებზე] და თუ კი, რა შეიძლება იყოს ეს?", რაზეც მან თქვა, რომ ამ არჩევნებზე კრემლის აგენტივით "გარკვეულწილად ქართული ოცნება მუშაობდა".

"ძნელი სათქმელია, სცადა თუ არა რუსეთმა პირდაპირ არჩევნებში ჩარევა და ამომრჩეველთა რაოდენობის ჯამის რაღაცნაირად შეცვლა, ეს რთული იქნებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ მათ ეს დასჭირვებოდათ. იცოდნენ, რომ ქართული ოცნება არჩევნების მანიპულირებას მოახდენდა ისე, რომ საკუთარი თავი ისევ აერჩიათ. ასე რომ, ამ არჩევნებში ქართული ოცნება გარკვეულწილად კრემლის აგენტივით მუშაობდა. კრემლს სურდა, რომ ის ძალაუფლებაში დარჩენილიყო. თუმცა აუცილებელი არაა, რომ კრემლს პირდაპირი უშუალო ჩარევა მოეხდინა", - თქვა მან.