ბლოგერ დომენიკ მანგოს რუსეთმა დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბლოგერ დომენიკ მანგოს რუსეთმა დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ ბლოგერს დომენიკ მანგოს (კუკური ბარამიძე) რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული ჯარისკაცის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მას მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტიდან აპრილამდე ბარამიძე მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც დაქირავებული ჯარისკაცი ქართული ეროვნული ლეგიონის მიერ".

"მან გაიარა სამხედრო მომზადება მდებარე სასწავლო ბაზებზე, რომლებიც კიევში მდებარეობდა, სადაც შეიძინა საბრძოლო იარაღის მართვის უნარები, შეისწავლა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის აუცილებელი სტრატეგია, ტაქტიკა და მოქმედების მეთოდები.

ბარამიძეს გადაეცა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფორმა და სპეციალური ტექნიკა, რის შემდეგაც მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში დნრ-ის უშიშროების წარმომადგენლებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში და მითითებულია, რომ "ამ ქმედებებისთვის მან გასამრჯელოდ 310 ათას რუბლზე მეტი მიიღო".

დომენიკ მანგო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე გაემგზავრა. ის არ საუბრობდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ აცხადებდა.