აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს ქვეყნების "განსაკუთრებული" სოლიდარობა არის რუსეთთან უკრაინის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ბლინკენმა ამის შესახებ ისაუბრა ოსლოში, სადაც NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.
"პირველივე დღეს ვთქვით, რას გავაკეთებდით უკრაინის დახმარების, რუსეთზე ზეწოლისა და ჩვენი ალიანსის განმტკიცების კუთხით. გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით. ამის კეთებას გავაგრძელებთ", - თქვა ბლინკენმა და დაამატა, რომ შეხვედრის მთავარი ფოკუსი უკრაინის შემდგომი დახმარება და NATO-ს გაძლიერება იქნება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის. ეს განცხადება მან მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩასვლისას გააკეთა.