სახელმწიფო მდივნის მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადებით, საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით პრემიერმინიტრს ირაკლი კობახიძეს საკუთარი შეშფოთება "განუმარტეს". როგორც შოლე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რუსული კანონის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის.
"დღეს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ საქართველოს პრემიერმინისტრს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე, რაც ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს", - წერს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი.
რუსული კანონის მეორედ ინიციირების შემდეგ აშშ ქართულ ოცნებას აფრთხილებს იმ უარყოფით შედეგების შესახებ, რომელიც მის მიღებას მოჰყვება. თუმცა ქართული ოცნება არც აშშ-ის და არც სხვა დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს არ უსმენს. თვითონ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კი დიპლომატებთან საჯარო დებატებს მოითხოვს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა უარი თქვეს შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე, სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განცხადება გაავრცელა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის მოქმედება იმით გაამართლა, რომ პრემიერი მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს "არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას".