აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა.
სოციალურ ქსელში ბლინკენი წერს, რომ საარჩევნო მონაცემები ვენესუელელი ხალხის ნების დემონსტრაციაა - ანუ ოპოზიციის კანდიდატმა ყველაზე მეტი ხმა აიღო.
"საარჩევნო მონაცემები აბსოლუტური დემონსტრირებას ახდენს ვენესუელელი ხალხის ნებაზე: დემოკრატიული ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი კვირას გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. ვენესუელელებმა ხმა მისცეს და მათი ხმები უნდა დაითვალოს", - წერს ბლინკენი.
***
ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა.
თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა და ოპოზიციური ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საარჩევნო ოქმების 73%-ის ასლები აქვთ და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესს 6,27 მილიონი, ხოლო ნიკოლას მადუროს 2,75 მილიონი ხმა აქვს.
არჩევნების შედეგებს ვენესუელაში პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
პროტესტის ნიშნად ვენესუელის დედაქალაქ კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
როგორც ცნობილია, კარაკასში დემონსტრანტები პროტესტს ჯერ ქვაბების და ტაფების ბრახუნით გამოხატავდნენ, მოგვიანებით კი, როცა პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, ვითარება დაიძაბა.
ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილები, საბურავები და ნაგვის ურნები დაწვეს. პოლიციელებმა და სამხედროებმა, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი საპასუხოდ ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინეს.
ოფიციალური მონაცემებით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა.