აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ისრაელში ჩავიდა. ომის დაწყებიდან ეს რეგიონში ბლინკენის მე-9 ვიზიტია.
ვიზიტს წინ უსწრებდა შეერთებული შტატების ახალი წინადადება, რომელიც მიზნად ორ მხარეს შორის შეთანხმებას ისახავს.
შეერთებული შტატები და ისრაელი შეთანხმების შესახებ ოპტიმიზმს გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დოჰაში მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა, ჰამასი ამბობს, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესი "ილუზიაა".
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
მისი თქმით, ის ნეთანიაჰუს ესაუბრა და დაჰპირდა, რომ ისრაელს ირანის საფრთხისგან დაიცავს. ირანი ჰამასის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ისრაელის მთავარი მტერია.
31 ივლისს ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს.
ჰამასის განცხადებით, ჰანია თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხრიდან კომენტარი არ კეთდება, მის მიმართ აშკარა ეჭვი არსებობს. ისრაელმა ომის დაწყების დღიდანვე ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.