აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გააკეთებს ამას.
"პრაქტიკულად ყველა პარტნიორისგან მოვისმინე გადაწყვეტილება, საერთო ხედვა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს [ომი] სხვაგან არ გავრცელდეს. საჭიროა ხედვა, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და ღაზაში მყოფი პალესტინელების დახმარების კუთხითაც. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე.
ისრაელს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი ჰამასის ამ თავდასხმებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აკეთებს ამას ისრაელი. ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ დაადასტუროს ის საერთო ღირებულებები, რაც ჩვენ გვაქვს ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების მიმართ. მიიღოს ყველა სიფრთხილის ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად", - ამბობს ბლინკენი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.