
დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.
ჩიკვაიძესთან დაკავშირებით მოსამართლე იზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რისკზე მიუთითებდა.
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. დაკავების შემდეგ მან მოსამართლეს "მურუსიძის მონა" უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი სანქცირებისთვის.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ მიიღო. პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის თქმით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მიზეზი ბრალდებულთა მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირაკლი პაპიაშვილს, მისი გირაო უცვლელი დარჩა.
მოსამართლემ განმარტა, რომ პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ ვერ მოისმინა დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც გირაოს პატიმრობით შეცვლის საჭიროებას დაადასტურებდა.