"ბილეთები ნაყიდი იყო"- რატომ არ მონაწილეობდნენ საქართველოდან PACE-ს რეზოლუციის მიღებაში

"ბილეთები ნაყიდი იყო"- რატომ არ მონაწილეობდნენ საქართველოდან PACE-ს რეზოლუციის მიღებაში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციაში გენოციდის ნიშნებზე მიუთითებს, ქართული დელეგაციის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

კენჭისყრა გუშინ 27 აპრილს ჩატარდა. მასში არ მონაწილეობდნენ არც ოპოზიციის წარმომადგენლები.

ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ მმართველი პარტიის წევრების ოფიციალური ვიზიტი გუშინ წინ დასრულდა, ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, რის გამოც კენჭისყრას ვერ დაესწრნენ.

"ჩვენ აქედან როდესაც მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები უკვე ნაყიდი იყო იმიტომ, რომ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, ამიტომ გამონაკლისი ამაზე არ არსებობს შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინ წინ და გამოვემგზავრეთ, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაცას არ ვუერთდებით, სპეკულაციაა"- აცხადებს გივი მიქანაძე.

ოცნების კიდევ ერთი წევრი, ბექა დავითულიანი კი ამბობს, რომ არ იცის, რატომ არ მონაწილეობდნენ მისი თანაგუნდელები კენჭისყრაში, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რეზოლუციაში "ეწერა სხვა ისეთი რამ, რასაც მხარს არ დაუჭერენ".

"შეიძლება, რეზოლუციაში ეწერა სხვა ისეთი რამ, რასაც მხარს არ დავუჭერთ. მაგალითად ერთ-ერთ ძველ რეზოლუციაში ეწერა, რომ ერთი მხრივ, დავუჭიროთ უკრაინას მხარი, მეორე მხრივ გაუშვით სააკაშვილი. ძველ რეზოლუციაზე ჩვენმა დელეგაციამ თქვა, რომ ეს ამოიღეთ და იმას დავუჭერთ მხარსო. არ ამოიღეს, ვერ დავუჭირეთ... არ მისაუბრია ახლა ჩემს კოლეგებთან, რომლებიც სტრასბურგში იმყოფებოდნენ და შესაბამისად, არ ვიცი ახლა ამის მიზეზი არ იყო"- ამბობს დავითულიანი.

***

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუციით განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით უკანონო დეპორტაციასა და მათ "რუსიფიკაციაში" გენოციდის ნიშნები იკვეთება.

რეზოლუციით ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების უსაფრთხოდ დაბრუნება, დამატებითი დეპორტაციების აღკვეთა და ყველა პასუხისმგებელი პირის გასამართლება მოითხოვა.

მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული სირთულეების ფონზე უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 2023 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით, რუსეთში უკრაინიდან დეპორტირებული 19 384-ზე მეტი ბავშვი რჩება. ათასობით ბავშვის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია კი ჯერ კიდევ არაა ცნობილი.

რეზოლუციის მიხედვით, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია, "ცხადად იგეგმება და ორგანიზდება სისტემური გზით", როგორც სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი და მისი მიზანი "ბავშვების უკრაინული იდენტობის ყველა კავშირისა და მახასიათებლის გაქრობაა".

ასამბლეამ გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდა, შეაგროვონ მონაცემები რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების შესახებ.

2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერთან ერთად ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე გასცა ორდერი.

საერთაშორისო სასამართლომ განმარტა, რომ რომის წესდების რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.