გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, არის მცდელობები, რომ საქართველომ პროევროპულ კურსს გადაუხვიოს. საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანელმა მინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც მათ შორის ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა.
ანალენა ბვერბოკის განმარტებით, საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას საუბარი შეეხება იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას კანდიდატი სტატუსის მისაღებად. ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მოსახლეობის მკაფიო მიზანია.
"გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა, რომელსაც მხარს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლების ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად. ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა მხოლოდ დემოკრატიული სტანდარტების დაცვას, არამედ განსაკუთრებით თავისუფალ მედიაგარემოს, დინამიკური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დებატებს იმ შემთხვევაში კი, როცა პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ - ევროკავშირის აღნიშნული ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზის შემოკლება დაუშვებელია", - აღნიშნულია ბერბოკის განცხადებაში.
2023 წლის 23-24 მარტს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.