ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის წევრებმა პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრს უფლებამოსილება მიანიჭეს, მიიღონ გადაწყვეტილება ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ საპასუხო საშუალებების გამოყენებისა და ვადების შესახებ. კაბინეტის გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოქვეყნა.
ისრაელის მიერ კონტროლირებულ გოლანის მაღლობებზე თავდასხმის შემდეგ ნეთანიაჰუმ აშშ-ში ვიზიტი ვადაზე ადრე შეწყვიტა და ისრაელში დაბრუნდა.
ისრაელის პრემიერმინისტრი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია".
როგორც ცნობილია, 27 ივლისს ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო შეტევის შედეგად 12 მოზარდი დაიღუპა.
ისრაელმა თავდასხმაში ლიბანში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა დაადანაშაულა, რომელსაც მკაცრი პასუხით დაემუქრა. თავად ჰეზბოლა სარაკეტო შეტევასთან კავშირს უარყოფს.
ისრაელის არმიის ცნობით, 27 ივლისს, ლიბანში, ჰეზბოლას ობიექტებზე ავიადარტყმები განახორციელეს. შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
გოლანის მაღლობები 1967 წლიდან ისრაელის კონტროლქვეშაა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა გოლანის ანექსიას არ ცნობს და დე იურედ სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.