ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება - ის დუმილს 7 ნოემბრის სხდომაზე დაარღვევს

ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება - ის დუმილს 7 ნოემბრის სხდომაზე დაარღვევს

პროკურატურის მოთხოვნით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმა.

ჯაიანი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღეს გაატარებს. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ადვოკატის, სალომე არდოტელის განცხადებით ის საკუთარ პოზიციას პირველად 7 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომაზე დააფიქსირებს.

ამასთან, საქმის პროკურორის გრიგოლ ნიშნიანიძის თქმით, მომხდარ მკვლელობაზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარულ, ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ბექა ჯაიანი; იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული", - თქვა ნიშნიანიძემ.

***

ბრალდებული ბექა ჯაიანი პოლიციამ 19 სექტემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, 1998 წელს დაბადებული ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.