ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამ სტუდენტსა და დეკანს ბათუმის შეფარდებული ორთვიანი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, კიდევ ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვა.
აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურორმა მიმართა. გირაოს თანხა 5 000 ლარია. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა კიდე ერთი ბრალდებული სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, რომელსაც გასულ წელს იმავე მუხლით წარდგენილი ბრალის გამო გირაო აქვს შეფარდებული.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ კონფლიქტამდე რამდენიმე დღით ადრე, უნივერსიტეტის შენობაში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ლექტორ თეა ცაგურიასთან, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო პლაკატების გაკვრას უშლიდა.
ჯორბენაძეს დაკავებამდე ცაგურიას ქმარი, ირაკლი დევაძე დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა.