ბათუმში ბატუტის დაზიანების შედეგად დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა დღეს, 15 მარტს გაიმართა.
12 მარტს ბათუმში, არდაგანის ტბასთან ბატუტი ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ბავშვი. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. დაშავებული მეორე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
შსს-მ მომხდარზე ერთი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.