ბაიდენის თქმით, ისრაელში აშშ-ის, სულ მცირე, 11 მოქალაქე დაიღუპა

ბაიდენის თქმით, ისრაელში აშშ-ის, სულ მცირე, 11 მოქალაქე დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელში ამერიკის, სულ მცირე, 11 მოქალაქე დაიღუპა.

ამასთან, ბაიდენი ამბობს, რომ სავარაუდოა, ამერიკის მოქალაქეები ჰამასის დაჯგუფებას ტყვედ ჰყავდეს აყვანილი.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელში აშშ-ის ისეთი მოქალაქეებიც იმყოფებიან, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.