აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი წელსაც სალომე ზურაბიშვილი იქნება. ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა დირექტორმა, რობ ბერშინსკიმ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ ცხადად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახლახან იმყოფებოდა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის იყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გამომხატველი ხმა და ის იქნება ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენ დემოკრატიის სამიტზე მოვიწვიეთ", - განაცხადა მან.
ღონისძიებაზე საქართველოს წარმომადგენელი 2021 წელსაც სალომე ზურაბიშვილი იყო - მაშინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს სახელით სამიტში მონაწილეობას მათი "გადაწყვეტილებით" მიიღებდა.
"საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს", - განაცხადა მაშინ ღარიბაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზების შესახებ ჯო ბაიდენმა 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დროს ისაუბრა. სამიტის მიზანია, თანამოაზრე ქვეყნები კორუფციასთან და ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით გაერთიანდნენ. დემოკრატიის სამიტი წელს მარტის ბოლოს არის დაგეგმილი.