აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის წინააღმდეგ წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
ბაიდენი აღნიშნავს, რომ აშშ უკრაინის გარდა, ისრაელში მშვიდობის დამყარებასა და ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლადაც აქტიურად მუშაობს.
"აქტიურად ვმუშაობთ ისრაელელი და პალესტინელი ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოების, ღირსების მოსატანად. ამას ვაკეთებთ დღე და ღამე. ვმუშაობთ ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნებაზე, ისრაელში მშვიდობის დამყარებაზე.
ჩვენ ასევე ვმუშაობთ მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ღირსებისთვის უკრაინელი ხალხისთვის. მათ წარმოუდგენელი გამბედაობა და გამძლეობა გამოიჩინეს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ მათი დახმარება უნდა გავაგრძელოთ", - ამბობს ბაიდენი.
უკრაინის მხარდაჭერის საკითხს შეერთებული შტატების სენატი მომავალ კვირას განიხილავს. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა. უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
ოქტომბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმის დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.