აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ კონგრესში რესპუბლიკელები უკრაინას არ დააფინანსებენ, მათ ეს ძვირად დაუჯდებათ.
"თუ ჩემი რეპუბლიკელი კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, მათ ბევრის გადახდა მოუწევთ", - აღნიშნა მან.
ბაიდენი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ, კონგრესში მიიღებენ პაკეტს, რომელიც უკრაინის დახმარებას უზრუნველყოფს და ამასთან, მექსიკასთან ამერიკის საზღვარს გააძლიერებს.
"ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. მე დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მზად, ვარ საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირაა მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, რომ ამას მივაღწევთ", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმის დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.