აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საშინელებაა ის, რაც ტრამპმა თქვა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს.
"წინა პრეზიდენტის განცხადება იყო გაკეთებული. ის იწვევს რუსეთს, რომ თავს დაესხას მოკავშირეებს, რათა რუსეთმა გააკეთოს ის, რაც სურს, თუ მოკავშირეები არ გადაიხდიან საკუთარ გადასახადს. ეს არის საშინელება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა. მე რამდენიც ხანიც პრეზიდენტი ვიქნები, ამერიკა NATO-ს მოკავშირეების ერთგული იქნება.
იმ თვალსაზრისით, როდესაც ისინი თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ, ნებისმიერი შეტევის დროს NATO-ს მოკავშირეები საკუთარ თავს დაიცავენ. ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ იმ საფრთხეს, რომელსაც პუტინის რუსეთი გვიქადის", - განაცხადა ბაიდენმა.
დონალდ ტრამპი NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით დაემუქრა, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან. ტრამპის თქმით, ერთ–ერთი ქვეყნის ლიდერს მან უთხრა, რომ წააქეზებდა რუსეთს, გაეკეთებინა ნებისმიერი რამ, თუკი ისინი არ გადაიხდიდნენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპის უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება.
ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები ყველას უსაფრთხოებას ანადგურებს. ტრამპის განცხადებას თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ და ის შოკისმომგვრელად შეაფასეს.