ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესში სიტყვით გამოვიდა.
მიმართვის დროს ბაიდენმა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე ისაუბრა. მან კიევის მხარდაჭერის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. ბაიდენმა ახლანდელი ვითარება მეორე მსოფლიო ომის პერიოდს შეადარა და განაცხადა, რომ ახლაც, თავისუფლება და დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მისი მიზანია, გააღვიძოს კონგრესი და გააფრთხილოს ამერიკელი ხალხი, რომ დემოკრატია საფრთხეშია. მან კანონმდებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაამტკიცონ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს. ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები უკრაინას არ დატოვებს.
"პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ქაოსს თესავს მთელი ევროპის მასშტაბით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ეს ასე არ იქნება. უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით და მივაწვდით იმ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. მხოლოდ ამას ითხოვს უკრაინა. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. მაგრამ ახლა უკრაინისთვის დახმარებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურთ, რომ უკუვაგდოთ ჩვენი პირველობა მსოფლიოში... მივმართავ კონგრესს: ჩვენ წინ უნდა აღუდგეთ პუტინს. გამომიგზავნეთ ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოსაწერად. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისადმი მარტივია - ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ ქედს არ მოვიხრით, მე ქედს არ მოვიხრი", - თქვა ბაიდენმა.