ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ბადრა გუნბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად გამოაცხადა თავი. მისი თქმით, საარჩევნო შტაბის მონაცემებით, მან ხმების 50%-ზე მეტი მოიპოვა.

"ჩვენს განკარგულებაში არსებული წინასწარი მონაცემები უკვე ცნობილია. ამ შედეგს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნდობის, ჩვენი გუნდის ძალისხმევისა და, რაც მთავარია, ხალხის მხარდაჭერის წყალობით მივაღწიეთ. ეს გამარჯვება აფხაზეთის მოსახლეობის ნებაა და მის მომავალს უნდა მოემსახუროს", – განაცხადა გუნბამ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

ბადრა გუნბა ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. მისი ოპონენტი, ე.წ. ოპოზიციური კანდიდატი ადგურ არძინბა, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, ხოლო დამატებითი ორი უბანი რუსეთში – მოსკოვსა და ჩერკესკში – იყო გახსნილი.

ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 134 ათასზე მეტ ადამიანს ჰქონდა.