ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნების დაანონსების შემდეგ, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს. ის აღნიშნავს, რომ "არცერთ არსებულ პოლიტიკურ" პარტიასთან შერწყმას არ აპირებენ და საზოგადოებას "სრულიად ახალ პოლიტიკას" შესთავაზებენ.
"ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ, თავისი როლი ნამდვილად ითამაშა. შეიქმნება ახალი პლატფორმა", - განაცხადა მან.
გასული დღეების განმავლობაში ენმ დატოვეს მუნიციპალიტეტებსა და რაიონულ ორგანიზაციებში ნაციონლური მოძრაობის წევრებმა. ზუგდიდის საკრებულოში ენმ 14-მა ადამიანმა დატოვა - მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი. პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა ჭიათურის საკრებულოს 5-მა დეპუტატმა.
ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს - ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო. 10 დეკემბერს კი ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის ორგანიზაციების წევრები წავიდნენ.
7 დეკემბერს ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს. აქვე მან აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარაა და სხვა პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს.