
საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე ლატვიელი ბიზნესმენი და ბაჩიაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი მარატ იჩკოვსკი გამოიკითხა.
ის სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო და აღნიშნა, რომ 2015 წლის ზაფხულში მან ბაჩიაშვილს 500 ათასი დოლარი ასესხა, რომელიც 2017 წელს უკან დაუბრუნა. იჩკოვსკის თქმითვე, ბაჩიაშვილს მაინინგის ბიზნესში ბიზნესპარტნიორები არ ჰყავდა.
"2013 წლიდან ვიცნობ გიორგი ბაჩიაშვილს. პირადად არასდროს შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მე და გიორგიმ ერთად ჩავდეთ ინვესტიციები სხვადასხვა საქმიანობაში და მას მივეცი სესხიც, 2015 წლის ზაფხულში მივეცი მას 500 ათასი დოლარი მაინინგის აღჭურვილობის დასაქირავებლად. მასზე ეს თანხა პროცენტით გავეცი და შესაბამისად, 2017 წელს უკან ერთი მილიონი დოლარი დამიბრუნა.
ჯამში ვიცოდი, რომ 5 ან 6 მილიონი დოლარი სჭირდებოდა. მზად ვიყავი, რომ ეს თანხა სრულად გამეცა სესხად. საბოლოოდ, ჩემგან 500 ათასი აიღო სესხად, დანარჩენ მან ბანკიდან აიღო. ფიქრობ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბანკისგან მას უკეთესი პირობები ჰქონდა, რადგან ჩემგან აღებული სესხი უფრო ძვირადღირებული იყო. თუ მე 6 მილიონ დოლარს გავცემდი სესხად, უზრუნველსაყოფად შესაძლოა მომეთხოვა მაინინგის მოწყობილობა ან ბიტკოინები, რასაც გამოიმუშავებდა. გიორგიმ მითხრა, რომ სასურველი თანხის ნაწილი სესხად გამოჰქონდა საქართველოში არსებული ბანკიდან. ამ ბანკის სახელი ქართუ მოგვიანებით პრესიდან გავიგე. როგორც ვიცი, მაინინგის ბიზნესში გიორგის პარტნიორი არ ჰყავდა" - განაცხადა მან.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ასევე წარადგინა დამატებითი მტკიცებულება, კონკრეტულად ექსპერტიზის დასკვნა, რომელი გერმანიაში ჩატარდა და შეისწავლეს ბაჩიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი. ბაჩიაშვილის თქმით, ამ ჩანაწერით დგინდება, რომ ამ საქმეში ივანიშვილი არ ყოფილა ინვესტორი.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.