
გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა, განაცხადა, რომ ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით, მისი კლიენტის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
ადვოკატის განცხადებით, ბაჩიაშვილი საფრთხის წინაშეა და ვითარება იმდენად მწვავეა, რომ იძულებული გახდა, საჯაროდ გაევრცელებინა ეს ინფორმაცია და საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურებისგან მოითხოვოს ბაჩიაშვილის დაცვა და სავარაუდო შეთქმულების მონაწილეების გამოძიება.
"ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გამოიყენოს ნებისმიერი სახის ძალადობა, რათა მოიშოროს ყველა რეალური პოლიტიკური ოპონენტი და კრიტიკოსი", — ნათქვამია რობერტ ამსტერდამის განცხადებაში. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შესაძლო მკვლელობის მცდელობა სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდეს და მიზნად ისახავდეს საქართველოში მდგომარეობის კიდევ უფრო დესტაბილიზაციას.
ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილი თავდაპირველად საქართველოში დარჩენას და აბსურდული ბრალდებების წინააღმდეგ სასამართლო ბრძოლას აპირებდა, თუმცა იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, როცა ნათელი გახდა, რომ სასამართლო პროცესები მიკერძოებულ გარემოში მიმდინარეობდა და უდავო მტკიცებულებებსაც კი უგულებელყოფდნენ.
რობერტ ამსტერდამი ადრე არაერთხელ გამოხატავდა კრიტიკას ბაჩიაშვილის საქმის მიმართ, რომელიც მისივე შეფასებით, "პოლიტიკურად მოტივირებული და იურიდიულად გაუმართლებელია". ორგანიზაცია Transparency International Georgia-ის დამოუკიდებელი ანალიზის თანახმად, ბრალდებებს არ აქვს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი და მსგავსი საქმე, სამართლებრივი სახელმწიფოების პირობებში, სასამართლომდეც ვერ მივიდოდა.