ავსტრალია უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას განიხილავს

ავსტრალია უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას განიხილავს

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზადაა განიხილოს უკრაინაში მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხი.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მამაც ბრძოლას მათი ბუნებრივი სუვერენიტეტის დასაცავად," – განაცხადა ალბანეზემ.

ალბანეზეს თქმით, უკრაინა საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის ფართომასშტაბიან ბრძოლაშია ჩართული და ავსტრალია მზადაა დაეხმაროს. მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ უკვე გამოყო 1.5 მილიარდი დოლარი, რომელთაგან 1.3 მილიარდი სამხედრო დახმარებას უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "ღიაა განხილვისთვის" ავსტრალიის სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის საკითხზე.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს დისკუსია შესაძლო სამშვიდობო მისიაზე, და ჩემი მთავრობის პოზიცია ასეთია – მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი შემოთავაზება, როგორც ეს ავსტრალიას ისტორიულად სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში გაუკეთებია. ჩვენ გვინდა უკრაინაში მშვიდობა, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია, რომ რუსეთის უკანონო და ამორალური ქმედებები არ დაჯილდოვდეს და რომ ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური მიზნები წახალისებული არ იყოს", - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.

ალბანეზემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადება არ არსებობს და არც ავსტრალიას მიუღია ოფიციალური მოთხოვნა ჯარის გაგზავნაზე.

"თუ მოთხოვნა იქნება, მას გავითვალისწინებთ. რაც შეეხება აშშ-ს, ამერიკა ავსტრალიის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ეს ჩვენი ერების პარტნიორობაა. რაც შეეხება ავსტრალიის საგარეო პოლიტიკას – მას თავად ავსტრალია განსაზღვრავს. ჩვენი ეროვნული ინტერესია, დავუჭიროთ მხარი უკრაინას, და ჩვენი მთავრობა ამას აკეთებს", - განაცხადა ალბანეზემ.