ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის გადაწყვეტილების დეტალები უცნობია, ავღანელი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ქალებს, ფაქტობრივად, ერთმანეთთან ლაპარაკი აეკრძალათ.

თავის ხმოვან გზავნილში მინისტრმა ხალიდ ჰანაფიმ თქვა: "მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და მას სხვა ქალი გვერდით ჩაუვლის, ეს ლოცვა არ უნდა იყოს ისეთი ხმამაღალი, რომ სხვებს ესმოდეთ".

რადგანაც თალიბანმა ტელევიზიით ცოცხალი არსებების ჩვენება აკრძალა, მინისტრის მიმართვა სატელევიზიო გამოსვლის ნაცვლად, ხმის ჩანაწერით გადასცეს.

"როგორ შეიძლება ქალებმა, რომლებიც საკუთარი ოჯახების ერთადერთი მარჩენლები არიან, იყიდონ პური, მიიღონ სამედიცინო დახმარება ან უბრალოდ იარსებონ, თუ მათი ხმა აკრძალულია", - თქვა ერთმა აქტივისტმა.

2021 წლის აგვისტოში ქაბულის აღების შემდეგ თალიბანი სისტემატურად ზღუდავს ქალების უფლებებს. ქალებს უკვე აეკრძალათ სახის გამოჩენა, საუბარი იმ კაცების თანდასწრებით, რომლებიც მათი ნათესავები არ არიან.

გარდა ამისა, ავღანელ ქალებს ასევე აეკრძალათ ხმამაღლა საუბარი სახლში, რათა მათი ხმა ქუჩაში არავინ გაიგოს.