აშშ-ში უკრაინელი პილოტების F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის მომზადება ოქტომბერში დაიწყება - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა ისაუბრა.
მისი თქმით, წვრთნები არიზონაში ჩატარდება და მას შემდეგ დაიწყება, რაც უკრაინელი მფრინავები სექტემბერში ინგლისური ენის სწავლებას გაივლიან.
რაიდერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენი უკრაინელი მიიღებს წვრთნებში მონაწილეობას.
18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ.
19 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაიწყო.