მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ერიკ და ლაილ მენენდესების საქმე გადაიხედება. ძმები მენენდესების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი Netflix-ის ახალი სერიალის Monsters: The Lyle and Erik Menendez Story-ის გამოსვლის შემდეგ განახლდა.
ძმებმა თავიანთი მშობლები, ხოსე და კიტი მენენდესები ცეცხლსასროლი იარაღით 1989 წელს სახლში, ბევრლი ჰილსშ მოკლეს. პროკურორების მტკიცებით, ძმების მიზანი მემკვიდრეობის მიღება იყო.
ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორმა ჯორჯ გასკონმა განაცხადა, რომ არსებობს "მორალური და ეთიკური ვალდებულება" გადაიხედოს მტკიცებულებები, რომლებიც ძმებმა გასულ წელს წარადგინეს, რომელთა მტკიცებითაც, ისინი მამის მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ და თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ.
თავდაპირველი სასამართლოს მიმდინარეობის დროს, პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობის მოტივი სიხარბე იყო. ბრალდების მხარის განცხადებით, ერიკმა და ლაილმა, სანამ ბრალდებულები გახდებოდნენ, მემკვიდრეობის დიდი ნაწილი Rolex-ის საათებზე, ავტომობილებსა და ელიტურ ცხოვრებაზე დახარჯეს. პროცესი დასრულდა იმით, რომ ნაფიცი მსაჯულები ვერ მივიდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ, რაც ძმებმა მამის მხრიდან მრავალწლიანი სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადეს.
მეორე სასამართლო პროცესზე ძალადობის შესახებ განცხადებები სასამართლომ ძირითადად არ დააკმაყოფილა. 1996 წელს ერიკსა და ლაილს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, შეწყალების უფლების გარეშე. მკვლელობისთვის მომენტისთვის ლაილ მენენდესი 21 წლის იყო, ხოლო ერიკ მენენდესი - 18-ის.
ახალი მტკიცებულებები, რომლებსაც ამჟამად განიხილავენ, მოიცავს 1988 წელს ერიკ მენენდესის მიერ ნათესავთან გაგზავნილ წერილს, რომელშიც იგი მამის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს.
"არც ერთი ეს ინფორმაცია არ ყოფილა დადასტურებული. ამ ეტაპზე არ ვართ მზად იმის სათქმელად, გვჯერა თუ არ გვჯერა ამ ინფორმაციის. მაგრამ აქ ვართ, რათა გითხრათ, რომ გვაქვს მორალური და ეთიკური ვალდებულება გადავხედოთ იმას, რაც წარმოდგენილია ჩვენ წინაშე", - თქვა ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურორმა გასკონმა.
გასკონმა განმარტა, რომ ამან შესაძლოა განაჩენის გადახედვა ან ახალი სასამართლო განხილვა გამოიწვიოს. მოსმენა 26 ნოემბერსაა ჩანიშნული.