აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია კემპ დეივიდში გამართულ სამიტზე სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ასევე, მათ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის "აგრესიული და საშიში ქმედებები" დაგმეს.
სამიტში, რომელსაც აშშ მასპინძლობდა, მონაწილეობას იღებდნენ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი და იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა.
სამიტის ერთობლივ განცხადებაში, სამი ქვეყანა შეთანხმდა კრიზისების დროს ერთმანეთთან დაუყოვნებლივ კონსულტაციაზე და შეათანხმოს პასუხები რეგიონულ გამოწვევებზე, პროვოკაციებსა და საფრთხეებზე, რომლებიც ეხება საერთო ინტერესებზე. ისინი ასევე შეთანხმდნენ ყოველწლიურად სამმხრივი სამხედრო წვრთნების ჩატარებასა და 2023 წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაზიარებაზე. გარდა ამისა, მათ პირობა დადეს, რომ ყოველწლიურად სამმხრივი სამიტი გაიმართება.
ეს ბაიდენისთვის პირველი სამიტი იყო კემპ დეივიდში.
"ჩვენი ქვეყნები უფრო ძლიერია და მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ იქნება თუ ერთად ვიდგებით", - განაცხადა ბაიდენმა. მან იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები "პოლიტიკური სიმამაცისთვის" შეაქო.
პრეზიდენტმა იუნმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის სიტყვები მოიყვანა, რომ თავისუფლება არის ის, რისთვისაც უნდა იბრძოლო:
"ჩვენი სამი ქვეყანა მტკიცედ უნდა იყოს გაერთიანებული, რათა ჩვენს თავისუფლებას საფრთხე არ შეექმნას ან დაზიანდეს".
პრემიერმინისტრმა კიშიდამ აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა დღევანდელობის ახალ ისტორიას ქმნის.