აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი შეათანხმა. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე მიმართა კონგრესს და მისი დამტკიცებისკენ მოუწოდა.
ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტი 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს და აერთიანებს სახსრებს უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად, ასევე შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად.
კერძოდ, დაფინანსებიდან 60 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გამოყოფილი, 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის, 20 მილიარდი დოლარი კი აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისთვის.
სენატში კენჭისყრა 7 თებერვალს იგეგმება, თუმცა დოკუმენტი ქვედა პალატის სპიკერმა გააკრიტიკა, რომელიც აცხადებს, რომ ის ბევრად უარესი ვარიანტია და საზღვარზე არსებულ კატასტროფას ვერ მოაგვარებს. მაიკ ჯონსონის თქმით, კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში წარუმატებლობა ელის.
ოქტომბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმის დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.
ამასთან, ცნობილია, რომ 4 დეკემბერს, თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა კონგრესს მიმართვა გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, ვაშინგტონს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება.