აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა. ინფორმაციას აშშ-ის სენატი ავრცელებს
"დადასტურდა: რობინ დანიგენი საქართველოს ელჩი იქნება. ზეპირი ხმის მიცემით" - წერს სენატი ტვიტერზე.
2023 წლის 14 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი დაასახელა.
დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
მანამდე, 2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო მისიის უფროსის მოადგილე.
სხვადასხვა პერიოდში, ის ამერიკის ელჩი იყო ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში.
დანიგენი კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ის ელჩი საქართველოში 2020 წლის იანვრიდანაა.
30 მარტს საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რობინ დანიგენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იმ 4 პრიორიტეტზე ისაუბრა, რომელზეც საქართველოში ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს.
სენატში სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატების მოსმენისას დანიგენმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად იმუშავებს, რათა საქართველოს ევროკავშირში, NATO-სა და დასავლეთში ინტეგრაციაში დაეხმაროს.
მისი თქმით, აშშ-ს სურს დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საკუთარი საზღვრების დაცვა და რუსეთის "მავნე ქმედებებისადმი" წინააღმდეგობის გაწევა შეეძლება.