ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ვიქტორია ნულანდმა მაცნობა, რომ უახლოეს კვირებში აპირებს, დატოვოს პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა. ამ პოსტზე ის ახორციელებდა ბაიდენის სწრაფვას, დააბრუნოს დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში, აღადგინოს ამერიკის გლობალური ლიდერობა ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის გადამწყვეტ პერიოდში. [...]
მისი ძალისხმევა შეუცვლელი იყო უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მისი სტრატეგიული წარუმატებლობის უზრუნველსაყოფად გლობალური კოალიციის ჩამოსაყალიბებლად და უკრაინის დასახმარებლად იმ დღის მიღწევაში, როდესაც ის შეძლებს ფეხზე მტკიცედ დგომას – დემოკრატიულად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 35 წლის განმავლობაში, ექვსი პრეზიდენტისა და ათი სახელმწიფო მდივნის დროს მუშაობდა.
სახელმწიფო მდივნის ცნობით, ვიქტორია ნულანდის შემცვლელის დამტკიცებამდე, მის მოვალეობას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასი შეასრულებს. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო.