აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ბლინკენი ისრაელს, ეგვიპტეს, საუდის არაბეთს, კატარს და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს ეწვევა.
თეთრი სახლის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ვიზიტისას ბლინკენი კოლეგებთან განიხილავს, არის ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, განიხილება ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი 100-მდე მძევლის გათავისუფლების გზებიც.
ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე ბლინკენი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დეივიდ კემერონს ესაუბრა. კემერონთან მან ღაზის სექტორის დახმარება და წითელ ზღვაში უსაფრთხოების საკითხი განიხილა.