აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო და სამეხდრო დახმარების მიწოდებას

აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო და სამეხდრო დახმარების მიწოდებას

საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და სამხედრო დახმარების მიწოდებას.

ამასთან, განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის, დათანხმდეს 30 დღით დაუყოვნებლივ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას.

აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, "ქვეყნების წარმომადგენლებმა შეაქეს უკრაინელი ხალხის სიმამაცე თავიანთი ქვეყნის დაცვისას და შეთანხმდნენ, რომ ახლა დროა, დაიწყოს პროცესი ხანგრძლივი მშვიდობისკენ".

როგორც განცხადებიდან ირკვევა, დელეგაციებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს: "ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევის მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით კი, ზემოაღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის დროს, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნება".

დღეს, 11 მარტს უკრაინის დელეგაცია ჩავიდა ჯიდაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის.

მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან გავლენიანი პირები მონაწილეობენ. ამერიკული დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, თუმცა The Economist წერდა, რომ ცენტრალური როლი შესაძლოა დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სტივ უიტკოფმა ითამაშოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკის მთავარი მრჩეველია. მასთან ერთად დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მრჩეველი პავლო პალისა.